Monday, April 15, 2013

სამოქალაქო სამართალი (კონსპექტი,ძირითადი ნაწილის სრული ვერსია .)


კონსპექტი – ხანდაზმულობა, ვადის შეჩერება და შეწყვეტა

ხანდაზმულობა არის დრო , პერიოდი , რომლის განმავლობაში პირს უფლება აქვს მოითხოვოს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.
ხანდაზმულობის ვადა ძირითადად უწყვეტად მიმდინარეობს , მაგრამ რეალურად არის კანონით გათვალისწინებული ისეთი გარემოებები, რომლებიც აბრკოლებებნ ანდა ართულებენ დადგენილ ვადაში წარადგინოს პირმა სარჩელი თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად თუ დარღვევის აღსაკვეთად. ასეთი გარემოებების არსებობის დროს , სასარცელო ხანდაზმულობის ვადა ითვლება შეჩერებულად. ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსი ის არის , რომ დრო , რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ის გარემოებები , რომლებიც იწვევენ ხანდაზმულობის ვადის შჩერებას და რომლებიც აბრკოლებენ დარღვეული უფლების დაცვას , არ ჩაითვლება კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად , ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევს შემდეგი გარემოებები:
1) ვალდებულების შესრულების გადავადება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ , ანუ ე.წ. მორატორიუმი.
2) განასკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა , რომელიც აბრკოლებს სარჩელის წარდგენას
3) კრედიტორის ან მოვალის ყოფნა შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში , რომელიც გადაყვანილია საომარ მოქმედებაზე
4) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
კანონმდებლობა განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტს.ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში , თუ მორატორიუმი, დაუძლეველი ძალა , არმიის რიგებში ყოფნა წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში, ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია , -ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.
სამოქალაქო ურთიერთობათა სწორი რეგულირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას , თუ როდის შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება , თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას ავანსის, პროცენტის გადახდით , გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად. ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად , ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით .
კანონი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობასაც. სარჩელის შეტანის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება მანამ , სანამ საასმრთლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში , ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.
სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს , თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნება განუხილველად. თუ ხანდაზმულოვის ვადის დენა შეწყდა , მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა თავიდან დაიწყება.

კონსპექტი – ვადების ცნება და სახეები სამოქალაქო სამართალში

სამოქალაქო სამართალში ვადა ეწოდება დროის მონაკვეთს, რომლის დადგომას , თუ გასვლას მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები.
ვადების კლასიფიკაცია სხვადასხვა საფუძვლით ხდება. იმის მიხედვით თუ ვის მიერ არის განსაძღვრული სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის ვადა , განასხვავებენ კანონიერ, სახელშეკრულებო და სასამართლო ვადებს. კანონიერია ვადა , რომელიც განსაზღვრულია კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტით. სახელშეკრულებო არის ვადა , რომელიც დაწესებულია მხარეთა შეთანხმებით , ხოლო სასამართლო ვადა არის ის ვადა , რომელსაც სასამართლო ადგენს.
იმის მიხედვით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვადის დადგომას თუ გასვლას , განასხვავებენ უფლების წარმომშობ , უფლების შემცვლელ და უფლების შემწყვეტ ვადას.
თავისი დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ:
1) სამოქალაქო უფლების წარმოშობის ვადას
2) სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადას
3) ვალდებულების შესრულების ვადას და
4) უფლების დაცვის ანუ ხანდაზმულობის ვადას.
უფლების წარმოშობის ვადა – ეს არის დრო, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას.
უფლებათა განხორციელების ვადა არის პერიოდი , რომლის განმავლობაში პირს , რომელსაც აქვს სამოქალაქო უფლებები, შეუძლია გამოიყენოს ამ უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობები.
სამოქალაქო უფლებათა მოქმედების ვადა ანუ ის დრო , რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ეს სამოქალაქო უფლებები.
აღკვეთითი ვადა ანუ ისეთი ვადა , რომელიც არა მარტო მკაცრად განსაზღვრავს უფლების მოქმედების დროს, არამედ ითვალისწინებს ამ ვადის შეწყვეტას მის გასვლამდე , თუ ეს უფლება არ ხორციელდება ან არაჯეროვნად ხორციელდება.
საპრეტენზიო ვადა ანუ ის დრო , რომლის განმავლობაში უფლებამოსილ პირს შეუძლია , ვიდრე სასამართლოს მიმართავდეს, უშუალოდ ვალდებულ პირს მიმართოს წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად. იმ პროდუქციისათვის , რომელიც შედარებით ხანგძლივი ხმარებისთვისაა გათვალსიწინებული, ჩვეულებრივ წესდება უფრო ხანგრძლივი საპრეტენზიო ვადები, რომელთაც საგარანტიო ვადებს უწოდებენ.
საგარანტიო ვადებში განასხვავებენ ვარგისიანობის და ტრანსპორტაბელურობის ვადებს. ვარგისიანობის ვადები წესდება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე , საპარფიუმერიო – კოსმეტიკურ და სხვა ნაწარმზე.
ტრანსპორტაბელურობის ვადა არის ის დრო , რომლის განმავლობაში გარანტირებულია პროდუქციის თვისებების შენარჩუნება მისი დადგენილი წესით ტრანსპორტირების დროს.

კონსპექტი – ინტერესთა თანაფარდობა წარმომადგენლობისას

წარმომადგენლის მეშვეობით დადებული გარიგებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ინტერესთა სიმრავლეა. მასში , სულ ცოტა , სამი პირი მაინც მონაწილეობს: წარმომადგენელი, წარმოდგენილი პირი და მესამე პირი , რომელთანაც უნდა დადოს წარმომადგენელმა გარიგება. აქედან გამომდინარე , ამ გარიგებეში ბუნებრივად წარმოიშობა ინტერესთა თანაფარდობის საკითხი.
მესამე პირმა , რომელთანაც უშუალო ურთიერთობაში შედის , წარმომადგენელი, უნდა იცოდეს , თუ ვინ არის გარიგების მხარე, ე.ი. ვისთან დებს იგი გარიგებას. მესამე პირის ინტერესები მოითხოვს იმას, რომ მან ზუსტად იცოდეს , თუ ვისთან დებს გარიგებას.
არა მხოლოდ მესამე პირის , არამედ წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია. თუკი წარმომადგენელი გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებეს , ამას შეიძლება მზიმე შედეგები მოჰყვეს წარმოდგენილი პირისათვის.
თუ კვაზიწარმომადგენელი წარმოდგენილი პირის სახით დებს გარიგებებს, მაშინ დაცვას მოითხოვს არა მხოლოდ წარმოდგენილი პირის , არამედ მესამე პირის ინტერესებიც. როცა წარმომადგენელი ამბობს , რომ ის სხვისი სახელით დებს გარიგებებს , მაშინ მესამე პირს აქვს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარიგების მხარე არა წარმომადგენელია, არამედ წარმოდგენილი პირი. აქაც განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსი ნორმებს, რომელთა მიზანია მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

კონსპექტი – წარმომადგენლის ნამდვილობის პირობა

წარმომადგენლობა შეიძლება ყველა სახის ურთიერთობისა და ყველა გარიგების მიმართ იყოს გამოყენებული. მაგრამ ამ ზოგადი წესიდან შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები. წარმომადგენლობა არ გამოიყენება მაშინ , როცა გარიგების ხასიათიდან გამომდინარე იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. ამიტომ წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას უნდა გაირკვეს შეიძლება თუ არა მასში წარმომადგენლის მონაწილეობა.
იმის გამო, რომ წარმომადგენელი თვითონ დებს გარიგებას, მისი პიროვნება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების მონაწილეთათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამისთვის აუცილებელია, რომ წარმომადგენელი იყოს ქმედუნარიანი. წარმომადგენელი შეიძლება იყოს შეზღუდული ქმედუნარიანი პირიც. ეს აიხსნება იმით, რომ , მართალია , წარმომადგენელი თვითონ დებს გარიგებებს, მაგრამ ამ გარიგების შედეგები დგებაწარმოდგენილი პირისათვის. სავალდებულოა , რომ შეზღუდული ქმედუნარიანი პირი გარიგებას დებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა ამ წესიდანაც არის გამონაკლისი. წარმომადგენლობის უფლებამოსილების არარსებობა არ შეიძლება იყოს გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველი , თუკი გარიგება ისეთ პირობებში დაიდო, რომ მესამე პირს კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობის უფლების არსებობა.
პრაქტიკულად შეუძლებელია წარმომადგენელი იყოს შეზღუდული ქმედუნარიანი , როცა ლაპარაკია კანონით წარმომადგენლობაზე, მაგალითად შეზღუდულად ქმედუნარიანი პირი არ შეიძლება დაინიშნოს მეურვედ ან მზრუნველად.
წარმომადგენლობის ნამდვილობის შემდეგ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილების მინიჭება ხდება ან მარწმუნებლის მიერ, ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება (მინდობილობის გაცემა) წარმოადგენს გარიგებას და მის მიმართ გამოიყენება წესები საერთოდ გარიგებათა შესახებ.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას სამოქალაქო კოდექსი დიდ მნიშვნელობას აძლევს. ამიტომაც განსაზღვრავს იგი ამ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს კონკრეტულად . წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება, თუ გავიდა ის ვადა, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება, უარი თქვა უფლებამოსილმა პირმა, ან რჭმუნებულმა გააუქმა თავისი უფლებამოსილება ანდა შესრულდა უფლებამოსილებით გათვალისწინებული ვალდებულება. უფლებამოსილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რწმუნებულის გარდაცვალება ან მისი ქმედუუნაროების დადგომა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
წარმომადგენლობის ნამდვილობის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ისიცაა, რომ წარმომადგენელი ურთიერთობაში გამოდის სხვისი სახელით და უფლება-მოვალეობები ამ ურთიერთობიდან წარმოეშობა სხვას.

კონსპექტი – პირობითი გარიგებები

ხშირია შემთხვევები, , როცა გარიგების მონაწილეები გარიგებით გათვალისწინებული შედეგი დადგომას უკავშირებენ განსაზღვრული გარემოებების არსებობას. ვინაიდან გარიგების შედეგების შედეგების დადგომა ამ გარემოებებზეა დამოკიდებული , სამოქალაქო სამართალი ასეთ გარიგებებს პირობით გარიგებებს უწოდებს.
გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა შეიძლება რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული. ეს პირობები შეიძლება იყოს როგორც კუმულატიური , ასევე ალტერნატიული. კუმულატიური პირობის დროს აუცილებელია ყველა იმ პირობის არსებობა , რომელიც გარიგების ნამდვილობის პირობად არის დასახელებული. ალტერბატიული პირობის შემთხვევაში გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისია ერთ-ერთი რომელიმე პირობის დადგომა.
გარიგება პირობითად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნამდვილობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე“, ანუ ისეთ მოვლენაზე , რომელიც მომავალში უნდა დაგეს , მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია , დადგება თუ არა ეს მოვლენა სინამდვილეში.
სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს გადადების ანუ სუსპენსიურ და გაუქმების ანუ რეზოლუტიურ პირობებს. გარიგება გადადების პირობითაა დადებული , თუკი გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უზნობ მოვლენაზე.
გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება , როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.
შინაარსის მიხედვით გარიგების პირობა შეიძლება იყოს კაზუალური და პოტესტატური. კაზუალურია პირობა , როცა მისი არსებობა დამოკიდებულია შემთხვევით მოვლენაზე. პოტესტატური პირობის დადგომა გამოიხატება ერთ-ერთი მხარის მოქმედებაში.

კონსპექტი – საცილო გარიგებები

საცილო გარიგებები დადების მომენტში ნამდვილია. ოღონდ მისი ბედი დამოკიდებულია იმაზე , გაასაჩივრებს თუ არა გარიგების მხარე (ან უფლებამოსილი პირი ) ამ გარიგებას. თუ ეს მოხდა , მაშინ გარიგება დადების მომენტიდანვე ჩაითვლება ბათილად. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან.
საცილო გარიგებების ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები. საცილო გარიგებათა ეს სახეები იმავდროულად განეკუთვნება ნების ნაკლის გამო დადებულ გარიგებებს. გარიგების შეცილება , როგორც წესი , ხორციელდება შეცილების შესახებ განცხადების გაკეთებით . ამის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. შეცილება საკმარისია გარიგების მონაწილე მეორე მხარი მიმართ. გამონაკლისების გარდა , კანონი რაიმე სპეციალურ ფორმას გარიგების შეცილებისათვის არ ითვალისწინებს. მთავარია შეცილებიდან აშკარად ჩანდეს , რომ დაინტერესებულ პირს არ სურს გარიგების ნამდვილობა, მისთვის იურიდიული ძალის მინიჭება.
დაინტერესებულ პირს შეუძლია არ გამოიყენოს შეცილების უფლება და ამით გარიგება ძალაში დატოვოს. მაშასადამე , შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა , არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც.
კანონი შეცილების უფლებას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს. მაგალითად , შეცდომით დადებული გარიგების შეცილების უფლება პირს აქვს ერთი თვის განმავლობაში შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან.
შეცილება შეიძლება არა მხოლოდ მთლიანად გარიგების , არამედ მისი რომელიმე ნაწილისაც ისე , რომ ამან არ გამოიწვიოს მთლიანად გარიგების ბათილობა.

კონსპექტი – უცილოდ ბათილი გარიგებები

არარა გარიგებები ბათილი გარიგებების ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ფორმაა. ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების მიმართ და არც მესამე პირთათვის. ასეთი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება , ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება.
მართალია , უზილოდ ბათილი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მისი გასწორება მხარეებს არ შეუძლიათ, მაგრამ კანონი მაინც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გარიგების მხარეებმა სამართლით შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში მიაღწიონ დასახულ მიზნებს . სამოქალაქო კოდექსი გარიგების მონაწილეთა ამ შესაძლებლობას დადასტურებას უწოდებს. ოღონდ ეს დადასტურება არარა გარიგებას კი არ ადასტურებს, ე.ი. მას კი არ აქცევს ნამდვილად, არამედ ნიშნავს ახალი გარიგების დადებას.
არარა გარიგების დადასტურება მხარეების მიერ , მართალია , არ იწვევს გარიგების გადაქცევას ნამდვილად, ე.ი. მისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას ამ გარიგების პირველად დადების მომენტიდან, მაგრამ მხარეებს შეუძლიათ გარიგებით მოსალოდნელი სარგებელი ერთმანეთს პირველი გარიგების დადების დროიდან მიანიჭონ.

კონსპექტი – დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები, როგორც ნების გამოვლენა

სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად,გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.ამ ნორმების მიხედვით,ნების გამოვლენა,რომელიც გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა,შეიძლება სხვადასხვა გზითა და საშუალებით გამოიხატოს.ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა,როცა მხარეები სიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ ნებას.მაგრამ 53-ე მუხლი იმაზეც მიუთითებს,რომ შესაძლებელია არსებობდეს ნების გამოხატვის სხვა საშუალებებიც.ამგვარი გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმებია დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები.
დუმილი ნების გამოვლენის სპეციფიკური ფორმაა და ამიტომ სამართალი მას მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში უკავშირებს სამართლებრივ შედეგს.საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების თანახმად რასაც სამოქალაქო კოდექსიც ეთანხმება,დუმილი,წოგორც წესი ნიშნავს უარს გარიგების დადებაზე.ესეც შეიძლება ნების გამოვლენად ჩაითვალოს,რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სამართლებრივ ურთიერთობებზე..მაგლითად 330-ე მუხლის მიხედვით თანამყოფის პირისათვის გაკეთებული ოფერტი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული.დუმილი ამ შემთხვევაში ოფერტის უარყოფას ნიშნავს.
მიუხედავად ამისა,არსებობს შემთხვევები,რომლის დროსაც დუმილი ჩაითვლება ნების გამოვლენად პოზიტიური გაგებით.ზოგჯერ ამას კანონი პირდაპირ ითვალისწინებს,ზოგჯერ კი სავაჭრო ჩვეულებებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე დუმილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
დუმილი გარიგების დადებაზე თანხმობად ჩაითვლება იმ შემთხვევაში,როცა გარიგების მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი,რომ მათ მიერ განსაზღვრულ სიტუაციაში დუმილი ჩაითვლებოდა თანხმობად.
ნების გამოვლენის მეორე გავრცელებული საშაუალებაა ე.წ. კონკლუდენტური მოქმედებები.ამ დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდან.კონკლუდენტური მოქმედება არის ნების გარეგნული გამოხატვა,რომელიც მიმართულია ნების რეალურ განხორციელებაზე ისე რომ არ ისახავს მიზნად ამ ნების გარეგნულ დემონსტრირებას, ე.ი ამ შემთხვევაში მომქედება ნების გამოვლენის საშუალება კი არ არის,არამედ მინიშენება ნებაზე.
ნების გამოვლენა დუმილით ან კონკლუდენტური მოქმედებით უნდა განვასხვავოთ იმ შემთხვევისაგან,როცა არ არსებობს ნების გამოვლენა,მაგრამ სამართალი ითვალისწინებს ისეთ შედეგებს,თითქოს პირს გამოემჟღავნებინოს თავისი ნება. მაგალითად პირი ჯდება ავტობუსში, მაგრამ კატეგორიულად აცხადებს უარს, გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება ე.ი მისი ნების გამოვლენა და ფაქტობრივი მოქმედება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამგვარ ურთიერეთობებს ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობები ეწოდება

კონსპექტი – გარიგების ფორმის დაუცველობის შედეგი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1 ნაწილის გათვალისწინებით ბათილობას იწვევს როგორც მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა,ისე რთული წერილობოთი ფორმის დაუცველობა.
მოცემული ნორმა იმპერატიულია და გარიგების მონაწილეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ.თუმცა,როგორც გამონაკლისი,შეიძლება ფორმის დაუცველობამ არც კი გამოიწვოს გარიგების ბათილობა.ეს მაშინინაა,როცა ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ის ხარვეზი,რომელიც გარიგების დადებისას მხარეება ვერ გაითვალისწინეს.
ამ მუხლის პირველი პუნქტით ბათილად ცხადდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგებაც.თუმცა,ამ შემთანხმების დაუცველობას შეიძლება ყოველთვის არ მოჰყვეს გარიგების ბათილობა.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიზნით შეარჩიეს მხარეებმა გარიგების ფორმა.
მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა ზოგჯერ იწვევს გარიგების ბათილობას,ზოგჯერ კი არა.ასე მაგალითად ანდერძისათვის წერილობითი ფორმა,აუცილებელი ფორმაა,ეს იქნება სანოტარო ფორმით,თუ მის გარეშე.ზეპირი ანდერძი ყველა შემთხვევაში ბათილია,ან კიდევ,შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით ფორმას მოითხოვს.ხშირ შემთხვევაში მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა არ იწვევს გარიგების ბათილობას,თუმცა დავის შემთხვევაში მხარეებს აყენებს მოთხოვნის დაკმაყოფილების რისკის წინაშე.
რთული წერილობითი ფორმა როცა კანონითაა გათვალისწინებული,ივარაუდება,რომ იგი აუცილებელი ფორმაა და შესაბამისად,მისი დაუცველობა ყოველთვის გამოიწვევს გარიგების ბათილობას.
ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგებანი.ეს გამონაკლისი შემთხვევებია საერთო წესებიდან.ასე მაგალითად, ბათილად ჩაითვლება ლიცენზიის გარეშე დადებული ცალკეული გარიგებანი.ლიცენზია უფლებას აძლევს პირს აწარმოოს ესა თუ ის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.ნებართვაში სწორედ,რომ მესამე პირის ნებართვა იგულისხმება,რაც დამოუკიდებელი ნების გამოვლენაა.
კონსპექტი – კაუზალური და აბსტრაქტული გარიგება.

გარიგებათა დაყოფა აბსტრაქტულ და კაუზალურ გარიგებებად ტრადიციულად გერმანული სამოქალაქო სამართლისთვისაა დამახასიათებელი.
გარიგება მიიჩნევა კაუზალურად , თუკი მისგან გამომდინარეობს გარიგების მიზანი (causa) , სამართლებრივი საფუძველი. , ე.ი. კაუზალურია გარიგება , რომელსაც აქვს კონკრეტული ხელშესახები სამართლებრივი საფუძველი – causa, მიზანი. სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს ჩუქება , თხოვნა, მიყიდვა და ა.შ. გარიგების ამ უშუალო რიპურ საფუძველს (მიზანს) რომელიც გადაცემის ხასიათს განსაზღვრავს, ეწოდება სამართლებრივი საფუძველი causa. ამ ტიპის გარიგებათა ცალკე გამოყოფის პრაქტიკული მნიშვნელობა იმაშია, რომ მათი ნამდვილობა დამოკიდებულია სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობაზე : თუ კაუზალური გარიგების საფუძველი ბათილია , მაშინ მთლიანად გარიგება იქნება ბათილი.
აბსტრაქტული გარიგების დროს კაუზალურისაგან განსხვავებით სამართლებრივ საფუძველს მნიშვნელობა არა აქვს და გარიგების ნამდვილობა დამოუკიდებელია ამ სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობისაგან. აბსტრაქტული გარიგებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდების დროს.
როგორც წესი , აბსტრაქტულად და კაუზალურად გარიგებების დაყოფის საკითხი წარმოიშობა იმ გარიგებების დახასიათებისას , რომელთა მეშვეობითაც პირი სამართლებრივ ან ქონებრივ სარგებელს იღებს.









No comments:

Post a Comment